ახალი ამბები

რუსეთმა 3 მოთხოვნა წაუყენა უკრაინას, ზელენსკიმ უარი თქვა – bellingcat-ის დირექტორი

7 მარტი, 2022 • 9177
რუსეთმა 3 მოთხოვნა წაუყენა უკრაინას, ზელენსკიმ უარი თქვა – bellingcat-ის დირექტორი

გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება „ბელინგქეთის“ (bellingcat) აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუ რას მოითხოვს რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარისგან:

  1. ვოლოდიმირ ზელენსკი ფორმალურად დარჩეს პრეზიდენტად, თუმცა რუსეთმა პრემიერ-მინისტრად დანიშნოს იური ბოიკო, – რომელიც 2012-14 წლებში (იანუკოვიჩის მთავრობაში) ვიცე-პრემიერი იყო;
  2. უკრაინამ აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა; ასევე ის, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა;
  3. უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ხრისტო გროზევი © რადიო თავისუფლების რუსული ბიურო

გროზევი წყაროდ ასახელებს „ორ პირს, რომელიც ახლოს არის რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესთან,  მათ შორის- არაფორმალურ მოლაპარაკებებთან“.

მისი ცნობითვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ პირობების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

„როიტერსთან“ ინტერვიუში კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის მხარემ იცის მოთხოვნები“ და მედიასთან საუბარში 2 მოთხოვნა ახსენა:

  1. „კონსტიტუციაში უნდა შეიტანონ ცვლილებები, რომლის თანახმადაც უკრაინა უარს იტყვის რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე“;
  2. „აღიარონ ყირიმი, როგორც რუსული ტერიტორია, ასევე უნდა აღიარონ დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ ქვეყნებად“.

„ეს არის და ეს. [დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნები და ომი] მაშინვე შეწყდება“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი