ახალი ამბები

რუსეთმა უკრაინაში 6 ჰუმანიტარული კორიდორის გახსნისთვის „სიჩუმის რეჟიმი“ გამოაცხადა

7 მარტი, 2022 •
რუსეთმა უკრაინაში 6 ჰუმანიტარული კორიდორის გახსნისთვის „სიჩუმის რეჟიმი“ გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ექვსი ჰუმანიტარული დერეფნისთვის „სიჩუმის რეჟიმის“ შემოღება გამოაცხადა.

„დღეს, მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან გამოცხადდა „სიჩუმის რეჟიმი“ და იხსნება ექვსი ჰუმანიტარული დერეფანი: ერთი -კიევიდან გომელამდე, ორი მარიუპოლიდან – ზაპოროჟიესა და დონის როსტოვამდე, ერთი —  ხარკოვიდან ბელგოროდამდე, ორი — სუმიდან ბელგოროდში და პოლტავაში“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

როგორც გენერალ-მაიორმა აღნიშნა, დეტალური ინფორმაცია ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ წინასწარ იქნა მიწოდებული უკრაინული მხარის, ასევე გაეროს, ეუთოს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელებენ ევაკუაციის უწყვეტ ობიექტურ მონიტორინგს.

მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი