ახალი ამბები

ჩანაწერი – ძალადობა რუსეთის პოლიციის განყოფილებაში ანტისაომარი აქციის მონაწილის მიმართ

7 მარტი, 2022 • 1080
ჩანაწერი – ძალადობა რუსეთის პოლიციის განყოფილებაში ანტისაომარი აქციის მონაწილის მიმართ

6 მარტს რუსეთის 65 ქალაქში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის წინააღმდეგ აქციებზე 4600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან დაახლოებით 30-მა განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში სცემეს. მათ შორისაა 26 წლის მოსკოვში მცხოვრები ალექსანდრა კალუჟსკიხ, რომლის დაკითხვის აუდი ჩანაწერს “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს.

ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ  სამართალდამცველები დაკავებულს დაკითხვის პროცესში აყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეეურაცხყოფას. მაგალითად, ერთ-ერთმა ძალოვანმა დაკითხვისას ჩვენებაზე უარის თქმის გამო ქალს თავში წყლით სავსე ბოთლი ჩაარტყა.

“ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი შინაგან საქმეთა მინისტრისგან სამართალდამცავთა ქმედებებზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

ჯამში, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე რუსეთში 13 028 მოქალაქეა დაკავებული.

დღეს მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი