ახალი ამბები

მედიკამენტებზე ფასები 60, 80, 90 პროცენტით გაიაფდა – ღარიბაშვილი და აზარაშვილი

7 მარტი, 2022 • 1536
მედიკამენტებზე ფასები 60, 80, 90 პროცენტით გაიაფდა – ღარიბაშვილი და აზარაშვილი

პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი აცხადებენ, რომ წამლების პარალელური იმპორტის რეჟიმში თურქეთის დამატების შემდეგ, ზოგიერთი დასახელების მედიკამენტზე ფასები 60, 80 და 90 პროცენტით შემცირდა.

„გულსისხძარღვთა მედიკამენტის ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. მას მედიკამენტის დასახელება არ დაუზუსტებია.

„უმეტეს შემთხვევაში 60-80%-ით არის შემცირებული, განახევრებულია ფასები“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს წამლები, მთავრობის დათქმისამებრ, აკმაყოფილებს კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტს.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმაც განაცხადა, რომ „აფთიაქებში უკვე რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული და ფასები მკვეთრადაა გაიაფებული, ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით, ვიდრე ერთი კვირის და ერთი თვის წინ“.

ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად მინისტრმა აზარაშვილმა თქვა, რომ 20-მდე თურქული მედიკამენტია შემოსული და მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება:

„200-მდე მედიკამენტი იქნება ისეთი, რომელიც შემოვა თურქეთიდან და ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნებიდან იმპორტს, შესაბამისად, მკვეთრად გაიაფდება“, – თქვა მან.

მან განაცხადა, რომ თურქეთში მიემგზავრება თურქ კოლეგასთან მოსალაპარაკებლად, „როგორ უნდა მოხდეს წამლების ხარისხის გაკონტროლება“, „როგორ უნდა მოხდეს მასზე ფასების დაწესება“ და როგორ დააზღვიონ მედიკამენტებზე „ფასის ხელოვნურად აწევა“.

გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი