ახალი ამბები

18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ტემპი არ უნდა შენელდეს — ღარიბაშვილი

7 მარტი, 2022 • 1562
18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ტემპი არ უნდა შენელდეს — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც მთელ რეგიონში უპრეცედენტოა.

„იანვარი ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ. ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი — ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ტემპი არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აქტიურად დაიწყება დაანონსებული პროექტები და პროგრამები მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად.

„აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ. ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის ამაჩქარებლების, წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს“, — აღნიშნა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი