ახალი ამბები

აშშ და ევროპა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავენ – Reuters

7 მარტი, 2022 • 929
აშშ და ევროპა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავენ – Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Reuters ასევე საუბრობს ევროპაში რუსული ნავთობის აკრძალვის შესაძლებლობაზე. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიუხედავად რუსული ნავთობის და გაზის დიდი წილისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპა  უფრო ღია გახდა რუსული პროდუქტების აკრძალვის მიმართ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ გუშინ, 6 მარტს განაცხადა, რომ პალატა “იკვლევს” კანონს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ასევე, მისი თქმით, რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, მიმდინარე კვირაში კონგრესი გეგმავს უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას.

“ევროპელ პარტნიორებთან ერთად ახლა ძალიან აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, ამავდროულად [განვიხილავთ], ნავთობის სტაბილური გლობალური მიწოდების შენარჩუნებას”, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის იმპორტის საკითხზე 5 მარტს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთანაც ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ნავთობის ფასი გაიზარდა.

ამერიკელი სენატორების ნაწილმა კი 3 მარტს წარადგინა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტი.

აშშ-ში ერთი გალონი [3.7 ლიტრი] ბენზინის ფასი 6 მარტის მონაცემებით 4.009$ იყო, რაც 2008 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მომხმარებლები კი წინა კვირასთან შედარებით საშუალოდ 40 ცენტით მეტს იხდიან, გასულ თვესთან შედარებით კი ფასი 57 ცენტითაა გაძვირებული.

აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებს 2021 წელს რუსეთიდან ყოველთვიურად საშუალოდ 20,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი და რაფინირებული პროდუქცია შეჰქონდა, რაც ქვეყანაში თხევადი საწვავის იმპორტის დაახლოებით 8%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი