ახალი ამბები

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, დანია თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

7 მარტი, 2022 • 1189
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, დანია თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, დანია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამასთან, დანიაში გეგმავენ, რუსულ გაზზე საკუთარი დამოკიდებულება აღმოფხვრან.

Reuters აღნიშნავს, რომ ქვეყნის პარლამენტი შეთანხმდა, 2033 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდონ და ამ მიმართულებით ყოველწლიურად 18 მილიარდი დანიური კრონი (2.65 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯონ.

დანია ნატოს წევრი სახელმწიფოა. ქვეყანა დათანხმდა, 2019 წელს მიღებული თავდაცვის ბიუჯეტი 1.35%-დან  1.5%-მდე გაზარდოს 2023 წლისთვის. თუმცა, როგორც Reuters წერს, აშშ მას მოუწოდებდა, ამ მიზნით ეკონომიკის 2% მიემართა, რათა ნატოს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

რაც შეეხება რუსულ გაზზე დამოკიდებულების აღმოფხვრას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვადები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე.

1 ივნისს კი, გამოცემის თქმით, დანიაში გაიმართება რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდება, უნდა შეუერთდეს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას (CSDP). აღნიშნული დანიას შესაძლებლობას მისცემს, შეუერთდეს ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებს და მასთან თანამშრომლობით განავითაროს სამხედრო შესაძლებლობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი