ახალი ამბები

უკრაინა: ჩუგუევზე კონტროლი დავიბრუნეთ

7 მარტი, 2022 • 1464
უკრაინა: ჩუგუევზე კონტროლი დავიბრუნეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ჩუგუევზე უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ Ukrinform ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უწყების ცნობით, ქვეყნის სამხედრო ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქალაქის გათავისუფლებისას რუსეთის არმიის ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას სერიოზული ზიანი მიაყენეს. მათი თქმით, ასევე ლიკვიდირებულია რუსეთის 61 საზღვაო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი საფრონოვი. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ ასევე მოკლულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-11 სადესანტო ბრიგადის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი დენის გლებოვი.

ამასთან, უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ მტერი ფოკუსირებულია კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, მიკოლაივის ალყაში მოქცევას, თუმცა შეჭრიდან 11 დღის მანძილზე ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ.

მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი