უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის ნაცვლად რუსეთის არმიას მხოლოდ სისხლიანი კორიდორების შექმნა შეუძლია.
ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, პრეზიდენტმა უკრაინის ქალაქ ირპინში მომხდარის შესახებ ისაუბრა, სადაც, ზელენსკის თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა ორშვილიანი ოჯახი დახოცა, რომლებიც ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ:
„ბევრი ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ დერეფნებზე. ყოველდღე ისინი საუბრობდნენ შესაძლებლობაზე ადამიანებისთვის, რომ დაეტოვებინათ ის ქალაქები, სადაც რუსული არმია შევიდა. მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და თავისუფლების დასაცავად რჩება, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ევაკუაცია, ვისაც არ შეუძლია დარჩენა, და ჩვენ მოვისმინეთ დაპირება ჰუმანიტარულ დერეფანზე. თუმცა ასეთი არცერთი დერეფანი არ არსებობს. ჰუმანიტარული დერეფნების ნაცვლად, მათ მხოლოდ სისხლიანი კორიდორების უზრუნველყოფა შეუძლიათ”, – ამბობს ზელენსკი.
მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.