ახალი ამბები

საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა „ საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

8 აგვისტო, 2011 • 1650
საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა „ საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

საქართველოს პარლამენტი ნარკოტიკების მომხმარებლების კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვას აგრძელებს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს სამ საათზე გაიმართა. სხდომაზე დაგეგმილი იყო ვიცე–სპიკერი გიგი წერეთლის მიერ   დეპუტატებისათვის   „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის წარდგენა.
სხდომის დაწყებამდე, გიგი წერეთელმა საააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუმარტა, რომ კანონპროექტით   საჯარო სამსახურში ნარკოტიკების მოხმარებაზე პირის შემოწმება მოხდება პერიოდულად და არა მხოლოდ სამსახურში მიღებისას, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაა.

კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხებოდა ასევე ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივას ნარკოტიკზე შემოწმების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, წამალდამოკიდებული ადამიანების თმის ღერით შემოწმების ინიციატივას.  

ინიციატივს ავტორი,  დიმიტრი ლორთქიფანიძე,  “ნეტგაზეთს” აღნიშნული მეთოდოლოგიის საჭიროებაზე ესაუბრა:
–აღნიშნული მეთოდი ჯერჯერობით საქართველოში  არ არის აპრობირებული, თუმცა მას წარმატებით იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ეს არის თმის ღერიდან ანალიზის დადგენა, საიდანაც ვიგებთ თუ რა დროს განმავლობაში მოიხმარდა პირვნება ნარკოტიკულ საშუალებას,  ასევე ვიგებთ, ის ქრინიკული მომხმარებელია თუ არა.  აქ არ არის ლაპარაკი ერთჯერად მოხმარებაზე, რამოდენიმე თვიან პროცესზეა საუბარი. სწორედ ამიტომ არის ეს მეთოდი მნიშვნელოვანი. ის მოძველებული მეთოდი, რომელსაც აქამდე ვიყენებთ,  თვისი ბიოქიმიური მაჩვენებლებითაც და შესაძლებლობითაც ძალიან  მაღალ ალბათობას უშვებს იმისას, რომ გაყალბებულიყო შედეგები და არ მოეცა ობიექტური რეალობის ამსახველი სურათი.
აღნიშნული  მეთოდის შეფასება “ნეტგაზეთმა”  ნარკოპოლიტიკის რეფორმების მხარდამჭერი არასამთვრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯია“–ს დირექტორს,  დავით ოთიაშვილს სთხოვა:

– ეს არის ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენის ყველაზე ძვირი მეთოდია. ინტერნეტით მოვიძიე, რომ  აშშ–ში ყველაზე იაფიანი  ერთი ანალიზი 65 დოლარი ღირს.  ეს მეთოდი საჭიროებს თმის ანალიზის გაკეთებას და ადგენს სამი ან მეტი თვის განმავლობაში რამე ნარკოტიკი თუ ქონდა მიღებული ადამიანს, თუმცა არ აჩვენებს   ბოლო სამი–ოთხი დღის შედეგს. ანუ გამოდის,  რომ თმაც უნდა შემოწმდეს და შარდიც.  ყოველწლიურად რამდენიმე ათასი საჯარო მოხელის შემოწმება უსაშველოდ ძვირი იქნება. რამდენიმე მილიონ ლარზე ავა ამის ღირებულება.კიდევ რამოდენიმე მინუსი აქვს  თმის შემოწმების ტექნოლოგიის დანერგვას. შეიძლება ადამიანი ბოლო თვეების განმავლობაში გადიოდა რაღაც მკურნალობას, ღებულობდა ექიმის მიერ დანიშნულ  სხვადასხვა მედიკამენტებს, რომელიც დაფიქსირდება,  როგორც ნარკოტიკი. შემდეგ მას მოუწევს მტკიცება, საავადმყოფოებში ექიმებთან სიარული, ცნობების წამოღება, რომ ეს წამალი  ლეგალურად მიიღო.  გარდა ამისა,  უცხოეთში მივლინებაში ყოფნისას ძალიან ბევრი მედიკამენტი გაციების, ხველების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ა.შ  არის ლეგალურად ხელმისაწვდომი და შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც საქართველოში არის ნარკოტიკების სიაში. ადამიანს თავისუფლად შეუძლია იქ მიიღოს კანონის დარღვევის გარეშე, ექიმის დანიშნულებით ან უბრალოდ აფთიაქში ნაყიდი, რაც აქ რამდენიმე თვეში დაუფისირდება როგორც ნარკოტიკული საშუალება. არ ვიცი შემდეგ როგორ უნდა დაამტკიცოს მან,  რომ კანონი არ დაურღვევია.

ყველაზე დიდი პრობელამს მაინც ფინანსური კუთხით ვხედავ. მე მაქვს ამერიკის კონგრესის მონაცემები, სადაც წერია რომ ამერიკაში სახელმწიფო საჯარო მოხელეების შემოწმებისას ერთი მომხმარებლის აღმოჩენა უჯდებათ 77 000 დოლარი. მომხმარებელი რომ აღმოაჩინო , ხომ მთლიანი მასა უნდა შეამოწმო. თანააც აქ საუბარია გაცილებით უფრო იაფ ტესტებზე, ვიდრე თმის ღერის შემოწმება. თმის ღერის შემოწმების შემთხვევაში ეს თანხა რამდენჯერმე გაიზრდებოდა. სად არის საქართველოს ბიუჯეტში ეს მილიონები, რაც ამ თმის შემოწმებაზე შეიძლება დაიხარჯოს?

დავით ოთიაშვილი არც კანონპროექტში შესატან მორიგ ცვლელებას იწონებს, რომლის მიხედვით საჯარო სამსახურში ნარკოტიკების მოხმარებაზე პირის შემოწმება მოხდება პერიოდულად და არა მხოლოდ სამსახურში მიღებისას, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობით ხდებოდა.

–მე არ მივესალმები არც ამ ცვლილებას.  მე ვეთანხმები იმ იდეას, რომ საკვანძო თანამდებობებზე, სახელმწიფო სამსახურში, სამედიცინო , განათლების და სხვა ბევრ  დარგში, თუნდაც მემანქანე, პილოტი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი,  არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებულები რაღაც ნივთიერებაზე და ამ დამოკიდებულებამ ხელი უნდა შეუშალოს მათ მიერ პროფესიული სამუშაოების შესრულებას. მე არ მინდა არც გაბრუებული პედაგოგი ასწავლიდეს ჩემს შვილს, არც კაიფში მყოფი პილოტი მართავდეს ჩემს თვითმფრინავს. მიუხედავად ამისა, ტოტალური პერიოდული შემოწმებები არ არის ზომა, რომელიც განსახორციელებელია.  ასევე, ჩემთვის აბსოლიტურად სულ ერთია ეს ადამიანები ნარკოტიკული საშუალებებით იქნებიან გაბრუებულნი, თუ მაგალითად სასმელით. აქვს ამას რამე მნიშვნელობა? ერთნაირად არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებიან. რა ვუყოთ მაშინ ალკოჰოლს? დავიწყოთ ტოტალური შემოწმებები ალკოჰოლზეც? აქ საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ თუ შეამჩნიეს, რომ ადამიანი   სამსახურში  ვერ ასრულებს თავის საქმეს და იქცევა თანამდებობის არაადეკვატურად,  აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ათობით ათასი ადამიანის ტოტალური შემოწმება  გამოსავალი არ არის.
აღნიშნული ცვლილების პროექტი “საჯარო სამსახურის შესახებ”კანონში ,  ანტინარკოტიკული კანონმდებლობის პაკეტში შედის, რომელიც პარლამენტმა  პირველი მოსმენით  2007 წელს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი