ახალი ამბები

წარსულში ქექვის დრო არ არის, თუმცა მას ბევრი რამ შეუძლია – მელია ზურაბიშვილზე

5 მარტი, 2022 • 1597
წარსულში ქექვის დრო არ არის, თუმცა მას ბევრი რამ შეუძლია – მელია ზურაბიშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა, – უკრაინის ომისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, – წარსულში ქექვის დრო არ არის.

„მე მესმის ვნებათაღელვა, – სამართალიანი ბევრის მხრიდან, – როგორ შეიძლება, ასე უცებ შეიცვალოს [სალომე ზურაბიშვილმა] მოსაზრება. მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ, მოცემულ ვითარებაში, გარჩევა იმისა, თუ რა იყო წარსულში, – წარსულში ქექვის დრო უბრალოდ არ არის“, – განაცხადა მელიამ და დასძინა: „მისასალმებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ნათელ, ისტორიის სწორ მხარეს დადგება“.

ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მანამ არ ენდობა, სანამ მიხელ სააკაშვილს არ შეიწყალებს:

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალბატონ ზურაბიშვილს უყურებს, როგორც „ქართული ოცნების“ ნაწილს. ისინი მიესალმნენ მის პოზიციას, – რაც მისასალმებელია. თუმცა მას ბევრი რამ შეუძლია…

როდესაც შენ ასეთი პოზიცია გაქვს და შენს ხელთაა მნიშვნელოვან ბერკეტი, – რათა პუტინის ტყვე აღარ იყოს იქ, სადაც არის, – და ამას არ იყენებ, მე ბოლომდე ვერ ვიწამებ…

მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერსაც ბოლო მოეღება და ისტორიული ბერკეტი, რაც ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს, გამოსაყენებელია, რათა ადამიანი, რომელიც ციხეში შიმშილობს, არ მოგვიკვდეს“.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ნიკა მელია, მიმართოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, მან უპასუხა: „ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა იყოს გაყვანილი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი