აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. მიზეზად ის ასახელებს ამერიკელების პოტენციურ შევიწროებას რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან, უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო მზარდი დაძაბულობის ფონზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება მეოთხე დონისაა. ეს უმაღლესი კატეგორიის გაფრთხილებას წარმოადგენს აშშ-ის სამოგზაურო სისტემაში.
“მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა წამოვიდნენ [ქვეყნიდან]. შეზღუდული კომერციული ფრენის ვარიანტები კვლავ ხელმისაწვდომია.
ასევე ღიაა სახმელეთო მარშრუტები მანქანით და ავტობუსით. თუ გსურთ რუსეთის დატოვება, თქვენ უნდა მოემზადოთ დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, — ნათქვამია სამოგზაურო კონსულტაციაში.
იქვე ხაზგასმულია, რომ აშშ-ის საელჩოს რუსეთში თავისი მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევის მწირი შესაძლებლობა აქვს.
ტექსტი ასევე შეიცავს გაფრთხილებას, რომ რუსეთში მყოფმა მოქალაქეებმა, შესაძლოა, ვერ გამოიყენონ ზოგიერთი საკრედიტო ბარათი რუსეთის ბანკებში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.
“ასევე, არსებობს ცნობები რუსეთში ფულადი სახსრების დეფიციტის შესახებ. აშშ-ის მოქალაქეებმა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში ფულთან და ფინანსებთან წვდომის ალტერნატიული გეგმა უნდა დასახონ“, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი ეკონომიკური და სხვა სახის სანქცია დააკისრეს, რიგმა ქვეყნებმა კი უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს.