ახალი ამბები

უკრაინას რუსეთისთვის ომის მოგება შეუძლია – ბლინკენი

5 მარტი, 2022 • 5527
უკრაინას რუსეთისთვის ომის მოგება შეუძლია – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინას რუსეთისთვის ომის მოგება შეუძლია. ამის შესახენ მან BBC-ისთან ისაუბრა.

ბლინკენმა ვერ თქვა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი, მაგრამ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დამარცხება გარდაუვალი არ იყო.

ამასთან, ბლინკენმა შეაქო უკრაინელი ხალხის “არაჩვეულებრივი გამძლეობა”.

”თუ მოსკოვის განზრახვაა, რომ როგორმე შეეცადოს ხელისუფლების დამხობას და საკუთარი მარიონეტული რეჟიმის დასმას, 45 მილიონი უკრაინელი აპირებს შეეწინაღმდეგოს ამა თუ იმ გზით”, – თქვა ბლინკენმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა უკრაინას გამარჯვებაში, ბლინკენმა უპასუხა: „დროთა განმავლობაში, აბსოლუტურად“

ბლინკენის თქმით, უკრაინაში  ომი უკვე ისე არ მიმდინარეობს , როგორც ეს შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა დაგეგმილი.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის გაძლიეროს რუსეთზე ზეწოლა, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა შეერთებული შტატები მოსკოვის ხელმძღვანელობის შეცვლას, რათა ბოლო მოეღოს შეჭრას, მან უპასუხა:

„ჩვენ ამას არ ვცდილობთ და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ხელმძღვანელობის საკითხი“, – განაცხადა ბლინკენმა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის რესურსები იწურება და შემდეგ ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება.

მისი თქმით, შეტევის ნელი ტემპისა და უკრაინელების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რუსეთი ტაქტიკას ცვლის.

როგორც რეზნიკოვი ამბობს, დღეს უკრაინის ცა ყველაზე დაუცველია და აგრესორი სრულყოფილად და აქტიურად იყენებს თავის საჰაერო და სარაკეტო პოტენციალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი