ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal რუსეთში თავისი სერვისების მიწოდებას აჩერებს. სააგენტო Reuters-ის მიხედვით, გადაწყვეტილება კომპანიამ “ამჟამინდელი გარემოებებით” ახსნა და ასე შეუერთდა მრავალ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ბრენდს, რომელთაც მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთში ოპერაციები შეწყვიტეს.
“შექმნილ ვითარებაში, ჩვენ ვაჩერებთ PayPal სერვისებს რუსეთში”, – ციტირებს სააგენტო PayPal-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელმა დირექტორს, დენ შულმანს.. მისი თქმით, კომპანია “დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით” და გმობს “რუსეთის ძალადობრივ სამხედრო აგრესიას უკრაინაში”.
კომპანიის სპიკერის თანახმად, PayPal მხარს დაუჭერს ანგარიშების ნაშთების განულებას მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
სანამ ოპერაციებს შეაჩერებდა, PayPal-მა ოთხშაბათს რუსეთში ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია შეწყვიტა.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
აგრესიის ფონზე, არაერთი კომპანია ტოვებს რუსეთს.








