„აინშტაინი ამბობდა — სამყაროს გაანადგურებენ არა ისინი, ვინც ბოროტებას ჩადიან, არამედ ისინი, ვინც მათ უყურებენ და არაფერს აკეთებენ“, — ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში სერგეი კისლიცამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის დაკავების გამო, რაც ბირთვულ ტერიტორიზმად შეაფასა. უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა უკრაინის თავზე ცის დახურვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ოპერაციის ჩატარება.

„იმოქმედეთ ახლა, თორემ მერე შეიძლება გვიანი იყოს არა მარტო უკრაინელებისთვის, არამედ თქვენთვისაც“, — მიმართა კისლიცამ საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდა რუსეთის გარიცხვისკენ ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან.

„ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინის და ევროპის ისტორიის გაჩერება, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ამ დილით. ყოველი დღე ახალი მტკიცებულებაა, რომ მარტო უკრაინა არ არის რუსეთის თავდახმის ქვეშ, არამედ ევროპაც, მსოფლიო, კაცობრიობა და თაობების მომავალი. რუსეთი ჩანს, განრისხებეულია, რომ მისი გეგმები უკრაინის სრაფად დაპყრობის შესახებ უკვე ჩაფლავდა. გაცოფებულია, რომ უკრაინელი ხალხი აგრძელებს მამაცურად ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის. განრისხებულია მსოფლიოს სოლიდარობით უკრაინის მიმართ. ამის სამაგიეროდ რუსეთი ჩადის ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და არც ცდილობს, ეს დამალოს. ამაზე მიუთითებს დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დანგრეული დასახლებული პუნქტები და განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა. გუშინ მათ ბირთვული ტერორიზმი ჩაიდინეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით და დაკავებით“, — განაცხადა კისლიცამ.

მისი თქმით, ენერგოდარის ბირთვული კატასტროფა, თუ ასეთი მოხდა, შეიძლება ჩერნობილის და ფუკუშიმას კატასტროფებზე დამანგრეველი იყოს.


4 მარტს რუსულმა ძალებმა დაიკავეს ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის ატომური ელექტროსადგური.

თავდასხმის შემდეგ, სადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ააშენეს.

უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.

უკრაინას უკავშირდიება მსოფლიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.