ახალი ამბები

უნდათ, რომ პრეზიდენტი დასაჯონ – ნაცვლიშვილი “ოცნებაზე“

4 მარტი, 2022 • 1259
უნდათ, რომ პრეზიდენტი დასაჯონ – ნაცვლიშვილი “ოცნებაზე“

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში სხდომის არჩანიშვნით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის დასჯას ცდილობს.

ნაცვლიშვილის თქმით, ზურაბიშვილი იმ პოზიციის გამო ისჯება, რაც მან საერთაშორისო პარტნიორებთან და მედიასთან დააფიქსირა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ არის გაბრაზებული საქართველოს პრეზიდენტზე, რომელმაც მათთან არ შეათანხმა, როგორც ჩანს, ბრიუსელის და პარიზის ვიზიტების შინაარსი. ძალიან კარგიც გააკეთა, რომ არ შეათანხმა და მათი მესიჯბოქსით არ წავიდა ბრიუსელში და კიდევ ერთხელ თავს ლაფი არ დაასხა ქვეყანას და წავიდა ქართველი ხალხის მიერ განსაზღვრული მესიჯბოქსით. აი, ამაზე არიან გამწარებულები. ახლა პრეზიდენტისთვის პარლამენტის ტრიბუნის დაბლოკვით უნდათ აჩვენონ, მათ შორის იმ თანამდებობის პირებს, ვისაც პრეზიდენტი ესაუბრა, „who is the boss here“[ვინ არის აქ უფროსი]. აი, ამის გაკეთება უნდათ, მაგრამ არ გამოვა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ საქართველოს მთავრობას შექმნილ ვითარებაში ღირსეულად მოქმედება შეეძლო.

‘იმიტომ, რომ მთავარი საქმე პირველ ეტაპზე, რაც უნდა გაეკეთებინა პრეზიდენტს, გააკეთა – შემოიარა მთელი დასავლური მედია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრ თანამდებობის პირს შეხვდა და ჩაიტანა იქ ქართველი ხალხის გზავნილები. ასე ჩანს, რაც ჩვენ ვიცით საჯარო პოზიციონირებიდან[…] სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და ნაბიჯებმა აჩვენა, რომ შეეძლო საქართველოს, ამ რთულ ვითარებაში ღირსეულად ემოქმედა, მაგრამ, ამავე დროს, არანაიარად არ გაეზარდა ეროვნული უსაფრთხოების რისკები. აი, ამ ხაზის გავლებისთვის უნდათ მათ, რომ დასაჯონ პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან სწორად აჩვენა, რა არის სინამდვილეში ქართველი ხალხის გზა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა.

განცხადება, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა 5 მარტს სურდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მარტს გაავრცელა, როცა პრეზიდენტი ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ხოლო ბრიუსელში -ევროპული საბჭორს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენს. პრეზიდენტს ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი