საფეხბურთო კლუბის, ტირასპოლის შერიფის მენეჯერი იური ვერნიდუბი უკრაინაში საბრძოლველად მიდის. როგორც BBC წერს, კლუბის უკრაინელი მენეჯერი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის.
გამოცემა წერს, რომ როდესაც ბერნიდუბმა გაიგო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, პორტუგალიაში იმყოფებოდა. კლუბი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობდა. მისი თქმით, 24 თებერვალს შვილმა დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა, უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება კი მაშინვე მიიღო.
BBC-ს თქმით, მოლდოვური კლუბის მენეჯერი პორტუგალიიდან რუმინეთში გაემგზავრა, საიდანაც ტირასპოლში ჩავიდა და უკრაინისკენ გაემგზავრა. გამოცემის თქმით, ის უკრაინაში 26 თებერვალს ჩავიდა, რამდენიმე დღეში კი ჯარში ჩაირიცხა:
„ახლობლები ცდილობდნენ, შევეჩერებინე. ჩემი ცოლი, შვილები, შვილიშვილები. ამ პოზიციაზე მყარად ვიყავი და მადლობას ვუხდი ჩემს ცოლს მხარდაჭერისთვის”, – ამბობს 56 წლის მენეჯერი.
BBC წერს, რომ ვერნიდუბი თავს იკავებს ჯარში მისი როლის გასაჯაროებისგან და აცხადებს, რომ ყოველ წუთს მზადაა მიიღოს ბრძანება და შესაბამისად შეიცვალოს ლოკაცია:
„იარაღი ჯერ არ გამისვრია, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ წუთს, ყოველთვის” ,- ამბობს იური ვერნიდუბი BBC-სთან.
