რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, იმ რუსი ჯარისკაცების ოჯახები, რომლებიც უკრაინაში ბრძოლისას დაიღუპნენ, კომპენსაციის სახით 7.4 მილიონ რუბლს (დაახლოებით 65 000 აშშ დოლარს) მიიღებენ.
რუსული მხარის ცნობით, დაღუპულია 498 ჯარისკაცი და დაშავებულია 1500-ზე მეტი. უკრაინა კი, 2 მარტის ცნობებით, 2 870 მოკლულ რუს ჯარისკაცზე და 3700 დაშავებულზე საუბრობს.
3 მარტს უშიშროების საბჭოსთან შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის ტელევიზიებით გადაიცა, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის თავდაცვის ძალებს „ნეონაცისტები“ უწოდა და თქვა, რომ „ბრძოლის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ ნეონაცისტებს ვებრძვით“.
პუტინი უკრაინაში შეჭრის არგუმენტად, – რასაც „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, – უკრაინის „დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას“ ასახელებს.
დღეს ემანუელ მაკრონმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას საფუძველი არ აქვს.
პუტინმა, – ისე, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია, – განაცხადა, რომ „ნეონაცისტებმა“ საცხოვრებელ სივრცეებში განათავსეს მძიმე არტილერია, ასე ახსნა მან სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის ძალების თავდასხმები.