ახალი ამბები

ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაღუპული — ადმინისტრაცია

3 მარტი, 2022 •
ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაღუპული — ადმინისტრაცია

უკრაინის ჩრდლოეთში მდებარე ჩერნიგოვში რაიონში რუსეთის ძალების მიერ 3 მარტს განხორციელებულ დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, 47 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სამედიცინო დაწესებულებების განახლებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 3 მარტს, ჩერნიგოვის ტერიტორიაზე რუსული ავიაციის [მიერ განხორციელებული] დაბომბვის შედეგად დაიღუპა 47 ადამიანი: 38 მამაკაცი და 9 ქალი“, – აცხადებს უწყება.

მანამდე, ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ ჩერნიგოვის ოლქში დაიბომბა საცხოვრებელი უბანი.

“დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ჩაიმსხვრა ფანჯრები, დაზიანდა კედლები, სახურავები, აივნები, ზოგან დაინგრა კედლები და ჭერი.

ახლოს სამხედრო ობიექტები არ არის. ახლოს არის საავადმყოფოები, რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი, ათობით მაღალსართულიანი შენობა”, — ვკითხულობთ რელიზში.

დაბომბვის შედეგები ქალაქ ჩერნიგოვში. ფოტო: ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია

ჩერნიგოვის ადმინისტრაციის თანახმად, რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე შეუტიეს 2 სკოლასა და კერძო სახლებს. ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ.

უწყება თავდაპირველად სულ მცირე 9 დაღუპულზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ინფორმაცია ზუსტდება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

დაბომბვის შედეგები ქალაქ ჩერნიგოვში. ფოტო: ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია

უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი