ახალი ამბები

ბადრაგს, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა, უფლებამოსილება შეუჩერეს

3 მარტი, 2022 •
ბადრაგს, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა, უფლებამოსილება შეუჩერეს

ბადრაგს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დროებით შეუჩერა უფლებამოსილება.

ამასთანავე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს, გუშინ, 2 მარტს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ ციხეში ვიზიტისას ბადრაგმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა მომხდარის აუდიოჩანაწერიც. 

ჩანაწერში ისმის:

ბადრაგი: აქ კამერები არ არის, აქ ვილაპარაკოთ
თუთბერიძე: როგორ შეიძლება, თანამშრომელი პენიტენციურის რომ აგინებ პატიმარს?!
ბადრაგი: აი, ეგრე ვაგინებ. გული შეგტკივა მიშაზე?
თუთბერიძე: მიშაზე კი არა, ყველა პატიმარზე შემტკივა, ვისაც ვიცავ
ბადრაგი: ყველა პატიმარს არ ვაგინებ, მიშას ვაგინებ
თუთბერიძე: რა გქვია, რა გვარი ხარ?
ბადრაგი: რა მნიშვნელობა აქვს?
თუთბერიძე: როგორ არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო მოხელე ხარ
ბადრაგი: რატომ უნდა მიჩივლო?
თუთბერიძე: უნდა შევატყობინო შენს ხელმძღვანელობას, რომ ჰყავს უზრდელი თანამშრომელი…
ბადრაგი: უზრდელები შენკენ იკითხე, თორემ ამოგაძრობ ენას

ამის შემდეგ ჩანაწერში ისმის გინება და, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირების ხმებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი