3-8 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ევროპული ტურნეს ფარგლებში ბლინკენი გააგრძელებს გაფართოებულ კონსულტაციებს და კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი განგრძობითი ომის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, G7-ის მინისტერიალში, შეხვდება ევროკავშირის კოლეგებს. პოლონეთში ის შეხვდება პოლონეთის ლიდერებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს, რათა განიხილონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემდგომი დახმარება. ასევე, შეერთებული შტატების ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის შესაძლებლობას უკრაინელი ლტოლვილებისთვის.
კიშინიოვში ენტონი ბლინკენი შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ მაია სანდუსთან, პრემიერ- მინისტრ ნატალია გავრილიტასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკუ პოპესკუსთნ. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ განიხილავს მოლდოვის მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილების მიღებაში და აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ბალტიის ქვეყნებში შეხვედრების თემა იქნება უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი ღონისძიებები, ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და ბალტიისპირეთის მოკავშირეებთან უფრო ღრმა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაგრძელება.