გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს ყველა რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიებიდან, მათ შორის, ყირიმიდან და დონბასიდან.
რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ მხარი დაუჭირა გაერო-ს 141-მა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ. 5-მა ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 35-მა თავი შეიკავა.
ის ხუთი ქვეყანა, რუსეთის ჩათვლით, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ერითრეა.
„ვაფასებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით რეზოლუციის დამტკიცებას, რუსეთის მიმართ მტკიცე მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოღალატური თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა რეზოლუციას. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. კენჭისყრის რუსეთისთვის გამანადგურებელი შედეგი აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტიპუტინური კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. გამარჯვება ჩვენი იქნება“, — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას.
რამდენიმეთვიანი სამზადისისა და საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების შემდეგ, რუსეთმა 24 თებერვალს ომი დაიწყო უკრაინაში.