ახალი ამბები

ვულოცავ ქართველ ხალხს, ვისმა ბრძოლამაც შედეგი გამოიღო — მელია

2 მარტი, 2022 •
ვულოცავ ქართველ ხალხს, ვისმა ბრძოლამაც შედეგი გამოიღო — მელია

„ვულოცავ ქართველ ხალხს, ვისმა ბრძოლამაც შედეგი გამოიღო“, — ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ გაცხადებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დაუყოვნებლივ შეტანის თაობაზე.

მელიას აზრით, ხელისუფლება „იძულებული გახდა“ ეს გადაწყვეტილება მიეღო.

„მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, რომ ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის. დიახ, შეიძლება ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ჩვენ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი. შეიძლება, ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი, ვიმსახურებთ ამას. ამიტომ გთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი.  საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ “ქართული ოცნების” ადგილი არ არის მთავრობაში“, — განაცხადა მელიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2024 წლის ნაცვლად შეიტანს ხვალ, 3 მარტს.

რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.

ირაკლი კობახიძე გუშინ, 1 მარტს აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“; მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი