ახალი ამბები

პროგრესი არის, თუმცა ბევრი დრო არ გვაქვს — კულება საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე

2 მარტი, 2022 •
პროგრესი არის, თუმცა ბევრი დრო არ გვაქვს — კულება საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად.

მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების მიღება უკრაინის გადაუდებელ საჭიროებად რჩება.

„ჩვენი მფრინავები გმირულად იბრძვიან ჰაერში. ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც რუსეთის თვითმფრინავების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა ამ თვითმფრინავების ჩვენს ტერიტორიაზე შემოვლის გარეშე ხდება. სამწუხაროდ, ბარბაროსულად გამოიყენება სამხედრო-კოსმოსური ძალები და უკრაინას საჰაერო ძალების გაძლიერების გადაუდებელი საჭიროება უდგას“, — განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინა რიგ ქვეყნებთან მუშაობს ამ საკითხზე.

„არის პროგრესი ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო. ჩვენ არ გვაქვს ერთი კვირა, გვაქვს დღეები და ეს პრობლემა რამდენიმე დღეში უნდა გადავწყვიტოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ თვითმფრინავები არ გვექნება, დავნებდებით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას, სამწუხაროდ, გაცილებით დიდი დანაკარგებით მშვიდობიან მოქალაქეებს შორის“, — განაცხადა კულებამ.

საბრძოლო თვითმფრინავების საკითხი

უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა საბრძოლო თვითმფრინავებით დახმარება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ  EU აპირებს უკრაინისთვის „თუნდაც საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას“. უკრაინის პარლამენტის თანახმად, პოლონეთს, ბულგარეთსა და სლოვაკეთს უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა. მოგვიანებით სამივე ქვეყანამ უარყო ასეთი განზრახვის შესახებ. Politico-ს თანახმად, ბორელმა შეუთანხმებელი საჯარო განხადება გააკეთა.

„(ბორელის მიერ) ასეთი განცხადებების გაკეთება იმავე დღეს, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ შეკავების ძალები „სამხედრო მზადყოფნის“ ფაზაზე გადავიდა, ზრდიდა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის რისკს“, – განუცხადა ევროკავშირის დიპლომატმა გამოცემას და დასძინა, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყნები მანამდე განიხილავდნენ უკრაინისთვის თვითმფრინავების გაგზავნას, ეს გეგმები შესაძლოა გაუქმებულიყო მას შემდეგ, რაც ბორელმა ისინი საჯარო გახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი