ახალი ამბები

რუსეთმა ქვეყნის მოღალატეებისა და მტრების შესახებ ვებ-გვერდი ჩაუშვა

2 მარტი, 2022 • 13522
რუსეთმა ქვეყნის მოღალატეებისა და მტრების შესახებ ვებ-გვერდი ჩაუშვა

რუსეთმა ქვეყნის მოღალატეებისა და მტრების შესახებ ვებ-გვერდი inagenty.ru ჩაუშვა.

ოფიციალური ინფორმაციით, “პორტალი “ნაციონალური ინტერესების დაცვის კომიტეტი” გაჩნდა იმ კოლექტივის საქმიანობის შედეგად, რომლებიც არ არიან გულგრილი ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმართ”.

“რუსეთში არსებობს გრანტების სახელმწიფო სისტემა, ასევე არსებობს ფონდებისა და სპონსორ ორგანიზაციათა ქსელები, რომლებიც საზოგდოებრივ პროექტებს დახმარებას უწევენ. ამასთან, ბევრი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია და ცალკეული პოლიტიკოსები, უცხო ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტუები და კომერციული კომპანიები იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას. ნებისმიერი დახმარება კი გარკვეულ პასუხისმგებლობას გაკისრებს სპონსორის წინაშე. არც ისაა საიდუმლო, რომ ლამაზი ლოზუნგების უკან ხშირად იმალება რუსეთის შიდა საქმეებში უცხო სახელმწიფოების პირდაპირი ჩარევის ინსტრუმენტები.

ამიტომაც გადავწყვიტეთ ადამიანების სისტემური ინფორმირება ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნების ჯაშუშების შესახებ”.

ვებ-გვერდზე, უცხო ქვეყნის ჯაშუშების ნუსხის გარდა [ასეულობით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა], ჩამონათვალია “მოღალატეებისა და მტრების”.  მათ შორის, როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, არიან უკრაინელები და მათი უცხოელი პარტნიოორები, ადამიანები, რომელთაც ხელი დონბასის მოსახლეობის სისხლში აქვთ გასვრილი და მათი გენოციდის მონაწილეები არიან, ასევე, მწერლები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ოპოზიციონერი ჟურნალისტები.

მოღალატეების სიის სათავეში მწერალი ბორის აკუნინია [გიორგი ჩხარტიშვილი].

“2022 წლის 24 თებერვალს მან ფეისბუკზე დაწერა: “2022 წლის 24 თებერვალს ყველასთვის დაიწყო ახალი ეპოქა. საშიში. რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენი მსხვერპლით?” – ვკითხულობთ ვებ-გვერდზე მწერლის შესახებ.

რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახური“, Роскомнадзор  რუსულ ანტისამთავრობო მედიასაშუალებებს „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს და ემუქრება, თუკი ინფორმაციას არ წაშლიან, მათზე წვდომას შეზღუდავს.

დღესვე რუსეთში „ეხო მასკვი“ და ტელეკომპანია „დოჟდი“ დაბლოკეს. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დაბლოკილია ორივე საინფორმაციო საშუალების ვებგვერდი, „ეხო მასკვის“ კი, ალექსეი ვენედიკოვის თქმით, მაუწყებლობაც შეუჩერეს.

ამასთან, რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა შეიზღუდა.

რუსული მედიასაშუალება РИА Новости წერს, რომ Роскомнадзор-ის თანახმად, „25 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სოციალური ქსელი ფეისბუკი მიიჩნია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი