„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დარეგისტრირებული რეზოლუცია დაჩქარებული პროცედურებით უნდა განიხილონ.
როგორც სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ის, რომ პარლამენტი რეზოლუციის განხილვის პროცედურებს არ აჩქარებს, კითხვებს ტოვებს.
„არ ვიცოდით, ბიუროც ისე ჩატარდა, რომ ჩვენი ჯგუფისთვის არ უცნობებიათ, თვითონ შეიმუშავეს ტექსტი და კომიტეტის თავმჯომარემ დაარეგისტრირა. მიუხედავად იმისა, რომ იძულებული გახდნენ, ეს ტექტსი შეემუშავებინათ და რეზოლუცია გაეკეთებინათ, ახლა მთავრია, რომ პროცედურები დააჩქარონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. არც ამ კვირაში არის კომიტეტი, იქით კვირაშია და იმის შემდეგ კვირაშია პლენარული სხდომა. ასე რომ, საკმაოდ გაწელილი პროცესი გადაწყვიტეს.
ამ რეზოლუციის ტექსტით პარლამენტი თანხმდება, რომ მთავრობამ მუშაობა და ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. ეს არის ამისთვის ნორმალური ტექსტი. ჩვენ პარლამენტში უნდა შევთანხმდეთ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს. ეს არის ტექსტი, რაზეც იძულებული გახდნენ, რომ გაეკეთებინათ უმრავლესობაში. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ინიციატორი. რეზოლუციას დაჩქარებულად მიღებაზე, კანდიდატობის სტატუსზე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, დაჩქარეულად ჩატარდეს პლენარული სხდომა. როცა ასეთ ვითარებაში არეგისტრირებ და სწრაფ პროცედურებზე არ მიდიხარ, ცოტა შეკითხვებს ტოვებს“, – განაცხადა სამნიძემ.
გუშინ, პირველ მარტს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ევროპასთან ინტერგაციის კომმიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დარეგისტრირდა.
რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
გუშინ ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთისა და ბელარუსის ქმედებებს უკრაინაში და ევროკავშირს მოუწოდებს სანქციების გამკაცრებისკენ.
ამასთან, მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, დაიწყონ მუშაობა, რათა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ამ მიზნით გაგრძელდეს მუშაობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით.
აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 676 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო.
უკრაინამ, 28 თებერვალს ბელარუსში რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პარალელურად, ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.
საქართველოს პარლამენტში EU-ში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დარეგისტრირდა