ახალი ამბები

„ოცნების“ რეზოლუცია საკმარისი არაა EU-ში გაწევრების საკითხის დასაძრავად — სამადაშვილი

2 მარტი, 2022 • 1556
„ოცნების“ რეზოლუცია საკმარისი არაა EU-ში გაწევრების საკითხის დასაძრავად — სამადაშვილი

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დარეგისტრირებული რეზოლუცია საკმარისი არ არის.

როგორც სამადაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუცია დაარეგისტრირა ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე უკრიანასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზის შემდეგ. თუმცა, მისი თქმით, რეზოლუციის ინიცირება საკმარისი არაა არც არსებული კრიზისის საპასუხოდ და არც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დასაძრავად.

„იმ ყველაფრის შემდეგ, როცა არ ჩატარდა სხდომა, არ მოიწვიეს უკრაინის ელჩი პარლამენეტში, ვფქირობ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ რაღაც თემა უნდა მოეძებნა, რომელსაც წინ წამოწევდა, რომ რაღაცნაირად მაინც შეექმნა პროცესი პარლამენტში და თვითონ დააინიცირეს რეზოლუცია ჩვენთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე.

ცხადია, „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას ასე უხვევს თვალს უკვე 10 წელიწადია და ატყუებს, რომ თითქოს რაღაც პროგრესი სურს ევროინტეგრაციის მიმართულებით, და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს რეზოლუცია კრიზისის დროს დააიინიცირეს. თვითონ შინაარს რაც შეეხება, ჩვენ ტექსტთან დაკავშირებით გვექნება შენიშვნები, მაგრამ ამ რეზოლუციის დაიინიცირება არ არის საკმარისი არც არსებული მწვავე კრიზისის ფონზე და არც, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრგიში დასაძრავად.

თავისთავად, ცუდი არაფერია იმაში, რომ რეზოლუცია დაინიცირდა, მაგრამ ტექსტი არის საკმაოდ სუსტი. ეს ერთი პრობლემაა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი და ქართველი ხალხის პრეტენზია იმ სამარცხვინო ვითარებასთან დაკავშირებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოზიციით უკრაინასთან მიმართებით შექმნა, დღის წესრიგში რჩება პრობლემად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში პლენარული სესიის სხდომა არის ჩანიშნული, შესაბამისად, შესაძლოა, რეზოლუცია მინიმუმ ორი კვირა, ანუ მომდევნო სასესიო კვირამდე ვერ მიიღონ. სამადაშვილს ვკითხეთ, ფიქრობს თუ არა, რომ რეზოლუცია დაჩქარებულად უნდა განიხილონ.

მისი თქმით, ეს რეზოლუცია იმდენად არაფრის მთქმელია, რომ ორ კვირაში განიხილავს პარლამენტი თუ მიმდინარე კვირას, ამას არაინაირი დატვირთვა და დიდი მნიშნვნელობა არ აქვს“.

„არ არის ეს ის დოკუმენტი, რომლის დამტკიცებაც დღეს ან ხვალ შეცვლის რეალობას საქართველოს პოლიტიკურ გარემოში და საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივები და ყველას გვესმის, რომ ეს ერთდღიანი საკითხი არ არის, სადაც ერთ დღეში პროგრესს მივაღწევთ. აქ არის საჭირო საზოგადოების ყოველდღიური გეგმა, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებისგან ნული მოლოდინი გვაქვს. მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმე ნაბიჯებს გადადგამს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე.

ამიტომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ეს მისია საზოგადოებამ და ასევე ოპოზიციამ. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ ჩვენ მუშაობას. თუმცა, თავისთავად, რეზოლუციას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე პარლამენტში მე არ ვამბობ, რომ მხარს არ დავუჭერ, მხარს დავუჭერ, თუმცა შენიშვნები გვექნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.


გუშინ, პირველ მარტს,  ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ევროპასთან ინტერგაციის კომმიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დარეგისტრირდა.

რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.

ამასთან, რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

გუშინ ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთისა და ბელარუსის ქმედებებს უკრაინაში და ევროკავშირს მოუწოდებს სანქციების გამკაცრებისკენ.

ამასთან, მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, დაიწყონ მუშაობა, რათა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ამ მიზნით გაგრძელდეს მუშაობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით.

აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 676 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო.

უკრაინამ, 28 თებერვალს ბელარუსში რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პარალელურად, ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.

საქართველოს პარლამენტში EU-ში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დარეგისტრირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი