ახალი ამბები

ზალკალიანისთვის გაუგებარია რატომ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან, ბელარუსიდან კი არა

1 მარტი, 2022 • 2308
ზალკალიანისთვის გაუგებარია რატომ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან, ბელარუსიდან კი არა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია იმედთან აცხადებს, რომ გაკვირვებულია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ელჩის საქართველოდან გაწვევის თაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განსაკუთრებით გაოგნებულია იმ ფონზე, რომ უკრაინას ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია და აცხადებს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უჩნდება ეჭვი, რომ პროცესები ორკესტრირებულია:

„ეს არის ერთ-ერთი ფორმა დემარშის, რომელსაც მიმართავენ დიპლომატიურ ურთიერთობებში. ეს არ არის ყველაზე მწვავე ფორმა. მე ვერ ვხსნი ამ გადაწყვეტილებას, მართალი გითხრათ. მქონდა კომუნიკაცია ბევრ კოლეგასთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ქვეყნების შორის ურთიერთობის გამოცდილება აქვს, და მართალაც ძალიან რთული ასახსნელია, რომ თუნდაც ბელარუსთან სერიოზული პრეტენზიები რომ არის მისი ტერიტორიების გამოიყენებაზე საომარი ოპერაციების დროს, იქ დღემდე არის ელჩი და დემარშის ეს დაბალი ფორმაც კი არაა გამოყენებული ამ შემთხვევაში.

ამიტომ ძალიან გამიკვირდა ეს. გამიკვირდა, გამომიდნარე იქიდან, რომ მეჩვენება, ეს ყველაფერი ორკესტრირებულს ჰგავს და ამას თბილისშიც მოჰყვა გარკვეული მოვლენები. საზოგადოებაშიც ეს ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. გაოცებული და გაკვირვებული ვარ. მოლდოველ კოლეგასაც ვესაუბრე ამ და სხვა თემებზე. მათაც იდენტური პოზიცია აქვთ სანქციების კუთხით, თუმცა მე იქ ვერ ვხედავ საზოგადოების და ოპოზიციის ისეთ რეაქციას, რასაც აქ ვაწყდებით თბილისში, და ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს“, – ამბობს დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „იმედთან“.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა, ომის ეპიცენტრში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი