ახალი ამბები

„სიმხდალეს ამართლებენ სიფრთხილით“ – გახარია „ოცნებაზე“

1 მარტი, 2022 • 1888
„სიმხდალეს ამართლებენ სიფრთხილით“ – გახარია „ოცნებაზე“

პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით „სიმხდალედ“ აფასებს.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსგან არავინ ითხოვდა, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა:

„სიმხდალეს ამართლებენ სიფრთხილით. არცერთი ქვეყანა, უკრაინის ჩათვლით, არ ითხოვდა ჩვენგან სანქციებზე შეერთებას, ჩვენ გამოვდივართ და ხმამაღლა რაღაც განცხადებებს ვაკეთებთ. არავინ ელოდა, რომ საქართველო ამ სანქციებს შეუერთდებოდა ან უარს იტყოდა.

მაშინ, როდესაც საქართველოს ბოლო 30- წლიან ისტორიაში განვითარებული დემოკრატიული თანამედროვე მსოფლიო არის ერთ მხარეს და ახალი მსოფლიოს დღის წესრიგს ქმნიან, ჩვენ ვართ ცალკე. ეს როგორ უნდა ავუხსნათ ჩვენს მომავალ თაობებს? ამის გარდა, როდესაც ეს ყველაფერი პრაგმატული პოლიტიკით აიხსნება, ეს ჩვენი მოქალაქეების მოტყუებაა“, – ამბობს გიორგი გახარია გადაცემაში „რეაქცია“.

მისი თქმით, გონივრული პოლიტიკის ნაცვლად მთავრობამ უგუნურების ისეთი ხარისხი გამოავლინა, როგორსაც ვერ წარმოიდგენდა:

„გონივრული პოლიტიკის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ უგუნურების ისეთი ხარისხი. მე ვერ წარმოვიდგენდი, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში საქართველოს ექნებოდა მსგავსი ტრაგიკული მიზეზი იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოეხერხებინა მთელი მოქალაქეების კონსოლიდირება ისეთი მიზნების და იდეების ირგვლივ, როგორიც ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ღირსებაა.

ჩვენს სამეზობლოში უმიზეზოდ, ნებისმიერი პროვოცირების გარეშე ომი იწყება. ვხედავთ, მთელი მსოფლიო უპრეცედენტოდ კონსოლიდირებულია. ჩვენ სად ვართ? ჩვენ ვართ მხდალობაში, არაკომპეტენტურობაში და იქ, სადაც პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ არსებობს, ახსნა ის ნაბიჯები, რომელიც ნათელია, როგორ აზიანებს შენს მომავალს“, – ამბობს გიორგი გახარია ტელეკომპანია „პირველთან“.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები უკრაინაში გვერდულად აღიქვეს აგრესორის მხარდაჭერად და ელჩის გაწვევაც ამით იყო გამოწვეული:

„სადღაც სიშტერეა, სადღაც მიზანმიმართული ქმედება. დღეს და ხვალ უარესი მოხდება, ამის ახსნას დაგვიწყებენ შეთქმულების თეორიებით და ეცდებიან დაგვარწმუნონ, ეს რომ არ ყოფილიყო ნათქვამი, ამით ქვეყანა დაიქცეოდა” ,- ამბობს გიორგი გახარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი