ახალი ამბები

კიევის სატელევიზიო ანძაზე შეტევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

1 მარტი, 2022 • 1716
კიევის სატელევიზიო ანძაზე შეტევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევის სატელევიზიო ანძის მიმდებარედ მომხდარ აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, კიევში სატელევიოზიო ანძის მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს ანძის გვერდით მდებარე აპარატურის შენობას, სადაც ადამიანები მუშაობდნენ.

დროებით შეფერხებულია რამდენიმე არხის ტელემაუწყებლობა. მედიის ინფორმაციით, რუსები უტევენ უკრაინის დედაქალაქის საკომუნიკაციო ობიექტებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ტელემაუწყებლობა უახლოეს საათებში სარეზერვო რესურსებით აღდგება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, პირველ მარტს, შუადღისას, უკრაინის მოქალაქეები მოსალოდნელი დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ გააფრთხილა.

„მოემზადეთ შემდეგი დეზინფორმაციისთვის, რომლითაც შეეცდებიან რუსი ოკუპანტები დაგაჯერონ ტყუილში. კერძოდ, თითქოს უკრაინის ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ქვეყანა დათმეს.

ეს დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ყველა შესაძლო არხით.

მაგრამ იცოდეთ – ეს სიცრუეა! მისი მიზანია დეზორიენტაცია, პანიკის დათესვა, მოქალაქეების სასოწარკვეთა და დარწმუნება, რომ ჩვენი ჯარები ჩაბარდეს.

თუმცა, მაშინაც კი, თუ კავშირი დაიკარგება და შეუძლებელი გახდება, შეამოწმოთ რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, დარწმუნებული იყავით: კაპიტულაცია და უკრაინის ინტერესების დათმობა შეუძლებელია“ ,– აღნიშნულია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი