ახალი ამბები

შსს: დავიწყეთ გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციის დაზიანებისკენ მოწოდებაზე

1 მარტი, 2022 • 1585
შსს: დავიწყეთ გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციის დაზიანებისკენ მოწოდებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყეს გამოძიება ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებაზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ს.ჯ-მ მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

უწყების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს და პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ პოლიციას ექნება მყისიერი რეაგირება:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 1 მარტს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას, გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებენ უწყებაში.

საუბარია ფეისბუკ პოსტზე, რომელიც საბა ჯაჯანიძეს ეკუთვნის. კაკანიძე ქართული ოცნების პოზიციებს აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანაებს და ამას მხოლოდ დროშებით და პლაკატებით დრომით არ ეშველება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება. პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები სამ მოთხოვნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც მთავრობას უყენებენ:

  • გადადგეს მთავრობა
  • საქართველო დაეხმაროს უკრაინას
  • საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე რაც შეიძლება მალე.

მასალების გადაბეჭდვის წესი