ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იბრაგიმ გასიევი არმიის არასკმარისი საბრძოლო მზადყოფნის მოტივით და პოსტზე მისი მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი, რუსი გენერალ-მაიორი ვიქტორ ფიოდოროვი დანიშნა.
“არსებობს გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის პრეზიდენტისთვის, მინისტრისთვის და ჯარისკაცისთვის. როდესაც ვსაუბრობთ არმიაზე, აქ იგულისხმება საბრძოლო მზადყოფნა, რათა აღკვეთო სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაცია. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დაექვემდებაროს ვინმეს, ვერ ისწავლის ხელმძღვანელობასაც. მსოფლიოში არასტაბილური და რთული სიტუაციის გათვალისწინებით, ვერ დავუშვებ რომ თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელის გარეშე იყოს. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ არმია მზადყოფნაშია ნებისმიერი დასახული ამოცანის შესასრულებლად, მოგვიანებით კი საპირისპიროს შესახებ მატყობინებენ”, – ასე ახსნა ბიბილოვმა იბრაგი გასიევის დათხოვნა და დე ფაქტო მინისტრის თანამდებობაზე ფიოდოროვის დანიშნვა.
ვიქტორ ფიოდოროვი ცხინვალში 2011 წლიდან ცხოვრობს, რა დროიდანაც იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს თავდაცვის სფეროში. მას გენერალ-მაიორის თანამდებობაც სწორედ ცხინვალში მიანიჭეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი პროვოკაციისთვის, რომელიც შესაძლოა საქართველოს მხრიდან მომდინარეობდეს.