ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მზად უნდა ვიყოთ ქართული პროვოკაციებისთვის – ბიბილოვი

24 თებერვალი, 2022 •
მზად უნდა ვიყოთ ქართული პროვოკაციებისთვის – ბიბილოვი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი პროვოკაციისთვის, რომელიც შესაძლოა საქართველოს მხრიდან მომდინარეობდეს.

მან ეს განცხადება „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომაზე გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ უხელმძღვანელებს შტაბს, რათა უზრუნველყოს რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობის ხელშეკრულების შესრულება და „დაიცვას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები“.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა უნდა მიმართოს კონტრდაზვერვულ აქტივობებს, სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედება საზღვრისა და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგისთვის. უზრუნველყოს მზადყოფნა, უპასუხოს ყველა პროვოკაციას, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს საქართველოდან“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არსებობენ უცხო ქვეყნები, რომლებიც შეიძლება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესებში იყვნენ ჩართულნი. ბიბილოვის თანახმად, ასეთი ქვეყანაა საქართველოც.

რუსეთი თავს უკრაინას 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი