ახალი ამბები

უკრაინელმა წყვილმა ქორწინების პირველ დღეს იარაღი აიღო ქვეყნის დასაცავად

26 თებერვალი, 2022 •
უკრაინელმა წყვილმა ქორწინების პირველ დღეს იარაღი აიღო ქვეყნის დასაცავად

ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს ქორწინების დღეს იარაღის ხელში აღება მოუწია. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოხალისეებსაც მისცეს იარაღი.

CNN-ის ცნობით, იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი ქორწინებას მაისში გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, წყვილის გეგმებიც შეიცვალა.

არიევამ და ფურსინმა, რომელთაც ერთმანეთი 2019 წლის ოქტომბერში კიევში, საპროტესტო აქციაზე გაიცნეს, გადაწყვიტეს, ახლა დაქორწინებულიყვნენ, ვინაიდან არ იციან, რას უქადით მომავალი.

ცერემონია მიმდინარე კვირაში კიევის წმინდა მიხეილის მონასტერში, სირენების ხმის ფონზე გაიმართა.

“სიტუაცია მძიმეა. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ჩვენი მიწისთვის… შესაძლოა, მოვკვდეთ და უბრალოდ, გვინდოდა, ერთად ვყოფილიყავით ყოველივე ამის წინ”, — ამბობს იარინა არიევა.

იარინა არიევამ და სვიატოსლავ ფურსინმა მიმდინარე კვირაში იქორწინეს. ფოტო: CNN

ტელეარხის თანახმად, ქორწინების შემდეგ წყვილი ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის ცენტრში წასასვლელად მოემზადა, რათა უკრაინის დაცვისათვის ბრძოლა შეერთებოდნენ.

ტერიტორიული თავდაცვის ძალები წარმოადგენს უკრაინის თავდაცვის ძალების ფრთას, რომელიც ძირითადად მოხალისეებისგან კომპლექტდება.

მას შემდეგ, რაც იარაღი მიიღეს, თავიანთი პარტიის, “ევროპული სოლიდარობის” ოფისისკენ გაემართნენ.

“ახლა აქ ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ასე რომ, ბევრი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ მაინც, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა არიევამ და დასძინა, რომ ზოგიერთ სამოქალაქო პირს, რომლებიც თავდაცვის ძალების შემადგენლობაში არ არიან, ასევე გადაეცათ იარაღი.

ის იმედოვნებს, რომ ერთ დღეს შეძლებენ, აღნიშნონ თავიანთი ქორწინება:

“უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ჩვენ გვექნება ჩვენი მიწა, გვექნება ჩვენი მშვიდობიანი და ბედნიერი ქვეყანა, რუსების გარეშე”.

იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი იარაღით ხელში. ფოტო: EPA

მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი