ახალი ამბები

ჩინეთის 2 სახელმწიფო ბანკი რუსული საექსპორტო საქონლისთვის კრედიტის გაცემას ზღუდავს

26 თებერვალი, 2022 •
ჩინეთის 2 სახელმწიფო ბანკი რუსული საექსპორტო საქონლისთვის კრედიტის გაცემას ზღუდავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის, სულ მცირე, ორი უმსხვილესი სახელმწიფო ბანკი რუსული საქონლის შესყიდვის დაფინანსებას ზღუდავს, მიუხედავად რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების დაპირებისა.

გამოცემის ორი წყარო ამბობს, რომ Industrial & Commercial Bank of China Ltd.-ის ოფშორულმა ერთეულებმა შეაჩერეს აშშ დოლარში დენომინირებული აკრედიტივების გაცემა საექსპორტო რუსული საქონლის შესაძენად. იუანში დენომინირებული აკრედიტივები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ზოგიერთი კლიენტისთვის, რაც ხელმძღვანელი პირების ნებართვის შემთხვევაში გაიცემა.

„ჩინეთის ბანკმა“ ასევე შეზღუდა რუსული საქონლის დაფინანსება საკუთარი რისკის შეფასების საფუძველზე, —  ამბობს Bloomberg-ის კიდევ ერთი წყარო. თუმცა ბანკს ჯერ არ მიუღია რუსეთის შესახებ მკაფიო მითითებები ჩინეთის მარეგულირებლებისგან.

ეს ნაბიჯი მოჰყვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რამაც გამოიწვია სანქციების ტალღა აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის მხრიდან.

Bloomberg-ის თანახმად, ჩინეთის ბანკების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს დროებითი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის სანქციები აქამდე ზოგავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს დაბალანსების სირთულეს, რომელსაც აწყდებიან ჩინეთის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტები. ისინი სერიოზულად ეკიდებიან სანქციების დაცვას, რადგან არ სურთ დაკარგონ წვდომა აშშ დოლარში ტრანზაქციებზე.

„ჩინეთის ოთხმა უმსხვილესმა ბანკმა შეასრულა აშშ-ის წინა სანქციები ირანის, ჩრდილოეთ კორეის და ჰონგ კონგის უმაღლესი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რადგან მათ ესაჭიროებათ წვდომა აშშ დოლარის კლირინგ სისტემაზე“, — წერს „ბლუმბერგი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი