ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკი VTB-ზე დამატებით განმარტებას ავრცელებს

25 თებერვალი, 2022 • 2053
ეროვნული ბანკი VTB-ზე დამატებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე“ დაწესებული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების განმარტებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის იცავს ბანკის მეანაბრეების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

„ეროვნული ბანკი მოქმედებს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე”, როგორც ვითიბი ბანკის ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დაიცვას ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სები მზად იყო, ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველეყო”, – ნათქვამია სების 25 თებერვალს გავრცელებულ ცნობაში.

VTB-ბანკს, ისევე როგორც სხვა რუსული ბანკებისა და კომპანიების ნაწილს, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი