ახალი ამბები

უკრაინის ელჩი: უკრაინაში და მის შეიარაღებულ ძალებში ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ – ჩვენ ვიბრძოლებთ

24 თებერვალი, 2022 • 1234
უკრაინის ელჩი: უკრაინაში და მის შეიარაღებულ ძალებში ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ – ჩვენ ვიბრძოლებთ

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ უკრაინა და მისი შეიარაღებული ძალები იბრძოლობენ, თუმცა მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 24 თებერვალს, საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დღევანდელი არმია 2014 წლისგან განსხვავდება, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები შეიარაღებით დაეხმარნონ.

„უკრაინაში და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ – ჩვენ ვიბრძოლებთ. ასევე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა ომის წინა დღეებში, სანამ აგრესორი შეიჭრა ჩვენს სახელმწიფოში.

ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრეობისათვის ძალიან მოკლე და მარტივია: შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოახდინეთ აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის იზოლაცია. საკუთარი ქმედებებით რუსეთის ფედერაციამ საკუთარი თავი დააყენა კანონის წინააღმდეგ და შექმნა თავისთვის სრული იზოლაციის პირობები“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

უკრაინის ელჩის თქმით, რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს უქმნის.

„საფრთხის ქვეშ არის 40 მილიონი უკრაინელის სიცოცხლე. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უკრაინა არავის არ ესხმოდა თავს, როგორც ნატო არავის არ ესხმოდა თავს. ჩვენზე თავდასხმა განახორციელა ბირთვულმა სახელმწიფომ და რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და უკრიანელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. თავისუფლება და დემოკრატია აღმოჩნდა რუსული შეიარაღებული ძალების მიზანში და ამიტომ იმედი, გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაგვეხმარება აგრესორის შეჩერებაში“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.


დღეს, 24 თებერვალს, დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი