პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სამკურნალოდ უკრაინის დედაქალაქ კიევში გადაიყვანოს. შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე გააკეთა.
მისი სიტყვებით, ციხეში გადატანილი ტრავმების გამო განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა, რასაც ყოველდღიურად გრძნობს და სიმპტომები სულ უფრო მძიმდება.
“ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას. მე მოგმართავთ, დათანმხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში, გადამივადოთ გამოტანილი განაჩენები დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.
მე ვარ უკრაინის მოქალაქე, რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ ზელენსკის ოფისის გვერდით…
და როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება და ზოგადად სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ… თუ გადაწყვეტთ ამ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც მე უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში და თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი ამ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება”, — დასძინა მან.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ხსენებული პირობა შესრულდება, მოუწოდებს მომხრეებს, შეწყვიტონ პროტესტი მის პატიმრობასთან დაკავშირებით:
“თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ჩვენს ყველა მომხრეს… ამ პერიოდში ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას, ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. ნუ, თუ უკან დამიბარებთ და ჩამომიყვანთ, ეს პირობა, რა თქმა უნდა, უკვე აღარ შესრულდება”.
მანამდე, სააკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანი “უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებაა”.
თუმცა, სააკაშვილის თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ეს პროცესი მას “ჩამოშლამდე” მიიყვანს.
“მან[რუსეთმა] გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს და მსოფლიო დასჯის მას, როგორც არასდროს არავინ დაუსჯია”, — დასძინა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, გასული წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.