ახალი ამბები

აუცილებელია, სასწრაფოდ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო – სამნიძე

24 თებერვალი, 2022 •
აუცილებელია, სასწრაფოდ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო – სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბოს.

ამის შესახებ მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე საუბრისას განაცხადა. სამნიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

“ძალაინ მძიმეა იმის თვალყურის დევნება, როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში არ კეთდება კონკრეტული განცხადებები და ეს ხელისუფლება არ ესაუბრება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ახლა, ნორმალურ ვითარებაში პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები აქ[პარლამენტში] უნდა იდგნენ და ესაუბრებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს. სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს.

ოპოზიციის მხარესაც არის პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინაცია, არ არის პარტიულობის დრო. ჩვენ გვჭირდება შეთანხმებული მოქმედება და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯები. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მსჯელობა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ინფორმაცია როგორია, საკომიტეტო მოსმენა, აუცილებლად უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და მოწვეული უნდა იქნეს რიგგარაშე სხდომა”, – განაცხადა სამნიძემ.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი