ახალი ამბები

ენმ 5 მარტს აქციას აანონსებს – „სააკაშვილი უცხოეთში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ“

23 თებერვალი, 2022 • 1671
ენმ 5 მარტს აქციას აანონსებს – „სააკაშვილი უცხოეთში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ“

„ნაციონალური მოძრაობა“ 2022 წლის 5 მარტს, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს.

ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, სხდომაზე გადაწყდა, რომ „პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“.

„ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს, საკუთარ სასამართლო სხდომაზე მეორედ გამოაცხადა უვადო შიმშილობა.

დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილი  50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი