საზოგადოება

ვაცხადებ უვადო შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი

21 თებერვალი, 2022 • 1465
ვაცხადებ  უვადო შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილი შეეხო უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და თქვა, რომ „თუკი ვინმე სულელს დღეს კიდევ ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას,“. ის ასევე დასძენს, რომ საქართველომ 2008 წელს ომი კი არ დაიწყო – „ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ – მე და ჩვენ“, რისთვისაც ის ახლა ისჯება.

„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეულად კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც ეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მართალია, ჯანმრთელობა მისთვის მეასეხარისხოვანია, მისი ჰოლანდიელი მკურნალი ექიმი წერილში განმეორებით შიმშილობას უკრძალავს. წერილში, რომელიც სააკაშვილმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ განმეორებითი შიმშილობის შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე პროცესები – „ისეთ დარღვევას გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება“.


მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი