ახალი ამბები

შტატები იდგება ქართველ ხალხთან ერთად – ელჩი დეგნანის მიმართვა ვაშინგტონიდან

23 თებერვალი, 2022 • 782
შტატები იდგება ქართველ ხალხთან ერთად – ელჩი დეგნანის მიმართვა ვაშინგტონიდან

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, ვაშინგტონიდან სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და უკრაინის კრიზისის ფონზე, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება.

ელჩი დეგნანის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, – “და ყველანი მათ კაბინეტში, – ფოკუსირებულნი არიან მშვიდობიანი, დიპლომატიური გამოსავლის პოვნაზე“ და ეს საკითხი შეერთებული შტატების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

„ამასთანავე, ვაღიარებთ, რომ ყველაზე უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა ელჩმა.

 

მისი თქმით, შტატები მოკავშირეებსა და პარტნრიორებთან ერთად ჩართულია „უწყვეტ დიპლომატიაში, რათა გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპაში“.

„ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან ახლოს მუშაობას, ინფორმაციის გაზიარებას სხვადასხვა არხით, რასაც გავაგრძელებ, როდესაც დავბრუნდები თბილისში, – როგორც ვაშინგტონში ჩამოსვლამდე ვაკეთებდი“, – თქვა მან.

„ქართველებმა, როგორც უკრაინელებმა, აირჩიეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზა. შტატებში არსებობს ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რაც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და თავისუფლების სიყვარულს“, – აცხადებს კელი დეგნანი.

„მიმდინარე კვირაში შტატებში გამართულ შეხვედრებში კვლავ ცხადად და ძლიერად დავინახე შეერთებული შტატების სურვილი, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე. ამისთვის 30 წელია ერთად ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები იდგება ქართველ ხალხთან, ხმას აიმაღლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მათთან ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ – სტაბილური, უსაფრთხო და აჟვავებული საქართველოსთვის, რომელიც სრულად ინტეგრირებულია ევრო-ატლანტიკურ ოჯახში“, – ამბობს ელჩი 23 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში.


რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი