ახალი ამბები

თბილისის გალავანზე მშენებარე სასტუმროს ზედმეტ სართულს მოანგრევენ

23 თებერვალი, 2022 • 1385
თბილისის გალავანზე მშენებარე სასტუმროს ზედმეტ სართულს მოანგრევენ

დედქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის ისტორიულ გალავანზე მშენებარე სასტუმროს კარკასს უნებართვოდ დამატებულ სართულს მოანგრევენ.

მერია ამ შენობაზე ამბობდა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს წარმოდგენილი პროექტის ესკიზები არ შეესაბამებოდა მასთან თანდართულ მუშა ნახაზებს.

ამ სასტუმროს მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა.

„ჩვენ კომუნიკაცია არაერთხელ გვქონდა ობიექტის მესაკუთრესთან. საბოლოო ჯამში, პოზიციების შეჯერება მოხდა და გუშინ არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე აიტვირთა ახალი, უკვე დამუშავებული პროექტი, რომელიც განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კონცეპტუალურად კონსენსუსი მიღწეულია“ – თქვა კალაძემ დღეს, 23 თებერვალს გამართულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „ერთი სართული და კიდევ ნახევარი მოიხსნება“ და არსებულ ურბანულ სივრცეში ჩაჯდება. კალაძის ცნობითვე, ახალი პროექტი უკვე ატვირთულია და ის ასე გამოიყურება:

კახა კალაძე 23 თებერვლის სხდომაზე

კალაძის თქმითვე, პროექტს საბჭო დამატებით განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მალევე მიიღებენ, რის შემდეგაც მოანგრევენ ზედა სართულს.


თბილისში, ზემო კალაში, ნიშნიანიძის ქუჩაზე, 6-სართულიანი სასტუმროს კარკასი უკვე 2 წელზე მეტია, რაც დგას. შენობა დაახლოებით 2 სართულით მაღალია ახლომდებარე ძველ სახლებზე. შესაბამისად, ურბანული სივრციდან ამოვარდნილია.

ამ შენობაზე ნეტგაზეთი გირჩევთ სტატიას არქივიდან:

სასტუმრო ისტორიულ გალავანზე – რატომ არის ეს მშენებლობა პრობლემური

მასალების გადაბეჭდვის წესი