ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ცეკვებითა და ავტომსვლელობებით აღნიშნეს

22 თებერვალი, 2022 • 1863
ცხინვალში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ცეკვებითა და ავტომსვლელობებით აღნიშნეს

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ცხინვალში საზეიმოდ, ავტომსვლელობებითა და ცეკვის ანსამბლ “სიმდის” გამოსვლით აღნიშნეს.

რუსეთის ფედერაციამ გუშინ, 21 თებერვალს, დამოუკიდებლად ცნო დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

როგორც ოსური გამოცემა რეს-ი წერს, 80-მდე ავტომობილის მსვლელობაში, რომელიც ცხინვალში რუსეთის საელჩოდან დაიწყო, მონაწილეობდნენ ადგილობრივი მმართველი პარტია «Единая Осетия» და ახალგაზრდული ორგანიზაცია “ერთიანი ალანია” [«Единая Алания»].

მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით “ცხინვალი თქვენ გვერდითაა!” და ასევე, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის და რუსეთის დროშები.

“მოძმე რესპუბლიკებს ვულოცავთ აღიარებას. გულწრფელად ვიზიარებთ მათ სიხარულს, 2008 წლის 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ისტორიულ აღიარებას ხელახლა განვიცდი”, – განუცხადა რეს-ს საზეიმო მსვლელობის მონაწილემ.

ლუგანსკისა და დონეცკის ლიდერებს რუსეთის მიერ აღიარება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც მიულოცა.

სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი