ახალი ამბები

საგარეო ვაჭრობა წინა წლის იანვართან შედარებით 41.2%-ით გაიზარდა – საქსტატი

21 თებერვალი, 2022 • 2187
საგარეო ვაჭრობა წინა წლის იანვართან შედარებით 41.2%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 41.2%-ით მოიმატა.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 331.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (47.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი -779.1 მლნ აშშ დოლარს (38.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარში, 447.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.

რაც შეეხება ქვეყნების წილს ექსპორტში: 49.8% მოდის დსთ-ს ქვეყნებზე, 25.6% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, 24.6% კი -დანარჩენ ქვეყნებზე.

უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებში 2022 წლის იანვარში დაწინაურებულია ბულგარეთი (ექსპორტის 15%), აზერბაიჯანი (14%) და რუსეთი (12.9%).

რაც შეეხება იმპორტს: 2022 წლის იანვარში უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები იყვნენ თურქეთი (18.1%), რუსეთი (11%), აზერბაიჯანი (11%) და ჩინეთი (8.1%).

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ქვეყნის ექსპორტში არის 1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები 2) მსუბუქი ავტომობილები და 3) ფეროშენადნობები.

რაც შეეხება იმპორტს: უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი