“გახსნილი საზღვარი ჩვენთვის გახსნილი არ არის”

ორი საპროტესტო აქცია უძღოდა წინ ყაზბეგში, ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას.   პირველი აქციის მოთხოვნა იყო, რომ საზღვარი არ გახსნილიყო, მეორე აქცია კი – საზღვრის გახსნის მოთხოვნით გაიმართა.

ორი საპროტესტო აქცია უძღოდა წინ ყაზბეგში, ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას.   პირველი აქციის მოთხოვნა იყო, რომ საზღვარი არ გახსნილიყო, მეორე აქცია კი – საზღვრის გახსნის მოთხოვნით გაიმართა.

აქციები ყაზბეგის რაიონის სოფელ სტეფანწმინდის ცენტრში, იმ მოედანზე იმართებოდა,  სადაც წლის ამ დროს ერთადერთი სამარშუტო ტაქსი ჩერდება და სადაც მხოლო ერთი ჯიხური მუშაობს.

სტეფანწმინდელები ამბობენ, რომ ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნის აქციაში, სხვადასხვა ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას.

”მეორე აქცია ვიღაცამ ჩაატარა, თბილისიდანაც იყვნენ ჩამოსულები  იგივე ხალხი არ იყო ამ აქციაზე, იყვნენ ჩამოსულები, სოფლებიდანაც იყო ხალხი ჩამოყვანილი და საზღვრის გახსნა მოითხოვეს“ – ამბობს ვანო გიგაური, სტეფანწმინდის მკვიდრი.

პირველი აქციის მიზეზი კი, რომლის გამოც სტეფანწმინდელები  საზღვის გახსნას აპროტესტებდნენ, დღესაც აშინებს ადგილობრივ მოსახლეობას.

 „ჩვენ ძალიან გვეშინია ამ გზის გახსნა, ათასი ამბავი მოგვდის, რომ იგეგმება ტრუსოს ხეობის მიტაცება, ტრუსოს ხეობაში ოსური სოფლები იყო, კობში ოსები ცხოვრობდნენ, ისინი ახლა საზღვარს იქით არიან, მაგრამ შეიძლება დაბრუნდნენ და შეიძლება რამე მოხდეს. ამიტომ გვეშინია, რომ იგივე სიტუაცია არ განმეორდეს, რაც სამაჩაბლოში მოხდა“ – ამბობს თინათინ მხეიძე, სტეფანწმინდის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი, ვანო გიგაური კი შიშობს, რომ ოსების უკან დაბრუნება რეგიონს საფრთხეს შეუქმნის.

”ოსები, რომლებიც კობში და თრუსოს ხეობაში ცხოვრობდნენ, ახლა თითოოროლად არიან დარჩენილები, და ამ ხეობაზე აქვთ პრეტენზია – ჩვენიაო.  მაგათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ითხოვენ აქ დაბრუნებას, მაგრამ საზღვარი დაკეტილი იყო.  ისინი შემოვლენ, დასახლდებიან.   ზოგიერთი მათგანის  სასაფლაო გაიძარცვა, ზოგის სახლი, ქურდბაცაცებს რა დალევს –  ექნებათ დაპირისპირების მიზეზები.  რუსეთს კი კანონი აქვს, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები. აქაურებმა კარგად ვიცით ეს –ლენინგორივით განმეორდება”  – ამბობს ვანო გიგაური.

თუმცა  ყველა ასე არ ფიქრობს სტეფანწმინდში.
 
მაგალითად ვაჟა ჩქარეული ამბობს, რომ ოსები მათი ოჯახის წევრები არიან, რადგან  ბევრი შერეული ოჯახებია.  მას საზღვრის გადაკვეთა და ნათესავების მონახულება უნდა.

მართალია ერთი შეხედვით, რთულია გაარკვიო,  სურთ თუ არა  სტეფანწმინდელებს, საზღვრის გახსნა, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მათი თქმით ”გახსნილი საზღვარი, მათთვის გახსნილი არ არის”.

საზღვრის დახურვამდე, როგორც სტეფანეწმინდელები ამბობენ, მათ ჰქონდათ საშვები და საზღვარზეც გადადიოდნენ. ნეიტრალურ ზონაში მოდიოდნენ მანქანები ტვირთით  და ადგილობრივი მოსახლეობა  ამ პროცესში იყო ჩართული.  

დღეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზღვარზე ვიზის გარეშე გადასვლა აკრძალულია.  ვიზის აღების შემთხვევაშიც კი, ისინი საზღვარს ფეხით ვერ გადაკვეთენ.  უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სტეფანწმინდელები საარსებო ფულს ვეღარ იშოვიან, როგორც მათი თქმით, ადრე ხდებოდა.

„ადრე საზღვარზე   უცხო რესპუბლიკების მანქანებზე გადასახადი იყო 600–700 ლარი, და ერჩივნათ რომ გადაეტვირთათ ქართულ მანქანაზე და ასე შემოეტანათ, ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასახლებული, მტვირთავებად, მძღოლებად, ეხლა ყველამ გაყიდეს მანქანები, ეხლა რაიონში ერთი ორი მანქანა თუ იქნება. თუ ფეხით გადაკვეთა არ შეიძლება, თუ არ დასაქმდებიან ტვირთის გადაზიდვით, და მარტო უნდა გაიაროს ტრანზიტმა და გამოიაროს, ჩვენ ამით რა? ვუყუროთ სომხებს, როგორ მიდიან და მოდიან?“ – ამბობს ვანო გიგაური.

საზღვრის ჩაკეტვამ სტეფანწმინდის მოსახლეობის რაოდენობაც შეამცირა. აქაურები ამბობენ, რომ საზღვის ჩაკეტვის მიზეზით ორიათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა სტეფანწმინდა სადაც  რუსეთ- საქართველოს საზღვრის დახურვამდე  5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხალხი უმუშევრობისა და გაუსაძლისი პირობების გამო დედაქალაქში მიდის.

„ოჯახები მიდიან, ტოვებენ რაიონს,  იმიტომ რომ გაუსაძლისი პირობებია, ყველანაირად. ხალხი უმუშევარია, მუშაობს სკოლა, გამგეობა, საავადმყოფო და პოლიცია. ვინც იქ არის დასაქმებული თავი გააქვს, ვინც არა, ისინი უშემოსავლოდ არიან, ვერ საქმდებიან ვერსად“ – ამბობს გერმანულის მასწავლებელი თინათინ მხეიძე.

ეს სკოლაში ყოველწლიურად ბავშვების რაოდენობაზეც აისახება, სტეფანეწმინდაში ერთი საჯარო სკოლაა და 170 ბავშვი  სწავლობს. პირველ კლასში  5 მოსწავლეა, მეორეში – 4, მესამეში – 5, მეოთხეში- 6, მეხუთეში -6, მეექვსეში – 10 მეშვიდეში- 14.

”ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი –შვიდასორმოცდაათი კუბი გაზია უფასოდ, მაგრამ ეს ზამთარში.  მაისის ბოლოდან ოქტომბრის შუარიცხვებამდე გაზს გვითისავენ –სრულად ვერ იხდის ხალხიო. ომამდე ტურისტები მოდიოდნენ და შემოსავლის რაღაც წყარო იყო, ომის პერიოდმა ძალიან ხელი შეუშალა ტურიზმს, მაგრამ პირობებსაც ვერ ვთავაზობდით.  გაზი არა გვქონდა ზაფხულში, რომ ცხელი წყალი ყოფილიყო, იაფფასიანი კრედიტები მოვითხოვეთ, რომ პირობები გაგვეუმჯობესებინა და უარი გვითხრეს“–ამბობს სკოლის დირექტორი მანანა ქირიკაშვილი.

ერთ-ერთი უხუცესი სტეფანწმინდელი, 84 წლის ნინა ღუდუშაური, ძველ დროს იხსენებს.

”45 წლიდან აქ ვცხოვრობ,ადრე ორჯონიკიძეში ჩავდიოდით ვახურდავებდით რუსულ ფულზე ჩვენსას და ვყიდულობდით რაღაცეებს. ახლა აქ ნახევარი სახლები დაკეტილია. მარტო ვცხოვრობ აქ, პენსია 90 ლარი მაქვს ერთი მეშოკი ფქვილი მომდის მარტო. მარტო ვცხოვრობ.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი, ყაზბეგი