ახალი ამბები

თუ საწვავის ფასის ზრდა გაგრძელდა, შესაძლოა, ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე – ხუციშვილი

17 თებერვალი, 2022 • 1600
თუ საწვავის ფასის ზრდა გაგრძელდა, შესაძლოა, ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე – ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ თუ საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, მთავრობამ ფასის დაზღვევის გარკვეული მექანიზმები შეიმუშაოს.

ამის შესახებ მან დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, საწვავის ფასის ზრდა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობით არის გამოწვეული.

„საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა, გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე საერთაშორისო ბაზრებზე.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია, რომ ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით. ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის. ასეთი სისტემა პრაქტიკულადაც არ არსებობს. შესაძლებელია იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე, ქვედა ნაწილი ფასების. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 3-4 საფეხური იყოს გაკეთებული. ეს პრაქტიკულად რთულად ადმინისტრირებადია და ბევრი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში ერთ ლიტრ რეგულარის ტიპის ბენზინზე ფასნამატი არის 17-31 თეთრი (5-10%). ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის შუალედურ ანგარიშში, რომელიც უწყებამ დღეს, 17 თებერვალს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული, თუ რატომ, რა მიზეზით გაძვირდა საწვავი 2021 წელს და არის თუ არა კონკურენცია საწვავის ბაზარზე.
„ლიტრ საწვავზე ფასნამატი 17-31 თეთრია“ — კონკურენციის სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი