ეკონომიკა

„ლიტრ საწვავზე ფასნამატი 17-31 თეთრია“ — კონკურენციის სააგენტო

17 თებერვალი, 2022 • 3513
„ლიტრ საწვავზე ფასნამატი 17-31 თეთრია“ — კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში ერთ ლიტრ რეგულარის ტიპის ბენზინზე ფასნამატი არის 17-31 თეთრი (5-10%). ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის შუალედურ ანგარიშში, რომელიც უწყებამ დღეს, 17 თებერვალს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული, თუ რატომ, რა მიზეზით გაძვირდა საწვავი 2021 წელს და არის თუ არა კონკურენცია საწვავის ბაზარზე.

კონკურენციის სააგენტო განმარტავს, თუ როგორ ფორმირდება ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება:

  1. იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, რომელსაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პლატსის ფასი (პლატსი არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ბაზრის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს საწვავის ფასს);
  2. ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან — საწვავის შეძენა იმპორტის მიზნით ხორციელდება ძირითადად ხსენებულ ვალუტაში;
  3. იმპორტირებული საწვავის საცალო ფასზე ასახვის დროითი შუალედი (საშუალოდ, საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება საქართველოში აისახება 2-4 კვირაში, რაც დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიების მარაგებზე);
  4. ბაზარზე არსებული მოთხოვნა და ბიზნესმოლოდინები;
  5. კონკურენტების ქცევა.

კონკურენციის სააგენტომ ტენდნეციების შესასწავლად გააანალიზა რეგულარის ტიპის საწვავის ფასი, რომელიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია (იმპორტის 35% სწორედ რეგულარზე მოდის).

სააგენტოს ცნობით, კომპანიების მიერ საქართველოში შემოტანილი საწვავის საბაჟო ღირებულება კორელაციაშია პლატსის ფასთან, თუმცა ბევრად იაფია თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი, რუმინეთიდან შემოტანილი კი გაცილებით ძვირია.

როგორც კონკურენციის სააგენტო აცხადებს, 2021 წელის წლის დასაწყისში პლატსის ფასი 1 ტონა საწვავზე შეადგენდა 452 ამერიკულ დოლარს, ხოლო წლის ბოლოს- 740 ამერიკულ დოლარს (გაძვირდა 65%-ით). ლარის კურსის 6-7-პროცენტიანმა გამყარებამ კი აღნიშნული გაძვირება ვერ დააბალანსა და მაინც გამოიწვია საქართველოში ლიტრი საწვავის გაძვირება, რამაც, საშუალოდ, 85 თეთრს მიაღწია.

„2021 წლის ოქტომბრის თვიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში, საცალო ფასის 55-60%-ს შეადგენდა იმპორტირებული საწვავის საბაჟო ღირებულება, რაც მოიცავს ქვეყნის გარეთ საწვავის შეძენისა და საქართველოს ტერიტორიამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.

საცალო ფასში 27-28%-ს შეადგენს გადასახადები დღგ-ს (საცალო ფასის 18%) და აქციზის (1 ლიტრი – 37 თეთრი) სახით. სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით, 1 ლიტრ საწვავზე საოპერაციო დანახარჯები მსხვილი კომპანიებისთვის შეადგენს საშუალოდ 25 თეთრს, რაც მოიცავს ქვეყანაში საწვავის იმპორტის მომენტიდან მისი საცალო მომხმარებლამდე მიტანის ხარჯებს.

შესაბამისად, განსახილველ პერიოდში, საცალო ფასნამატი რეგულარის მარკის საწვავზე შეადგენდა 5-10%-ს“, — კონკურენციის სააგენტო ასე ხსნის ერთი ლიტრი საწვავის ღირებულებას.

კონკურენციის სააგენტო მიუთითებს იმაზეც, რომ ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კონკურენცია, რასაც, მათივე ინფორმაციით, მიუთითებს კონკრეტული მონაცემები — ყველაზე მსხვილი 5 ნავთობკომპანია ბაზრის 58.8%-ს აკონტროლებს, დანარჩენს კი, ათეულობით წვრილი კომპანია, რომლებიც მომხმარებელს საწვავს გაცილებით იაფად სთავაზობენ სწორედ თურქმენეთიდან და რუსეთიდან შემოტანილი უფრო იაფი საწვავის ხარჯზე.

კონკურენციის სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში ძირითადად თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბაზარზე მოქმედ ნავთობკომპანიებსა და დარგობრივ ასოციაციებს, თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასებთან დაკავშირებული განცხადებებისგან, განურჩევლად იმისა, ემყარება თუ არა ეს განცხადებები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს. სააგენტოს შეფასებით, მსგავსი განცხადებები აზიანებს ბაზარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი