სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, უკრაინის მოვლენების ფონზე “ქართული მხრიდან შესაძლო სამხედრო პროვოკაციის შემთხვევისთვის”, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს, იბრაგიმ გასეევს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და სამხედრო ტექნიკის შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა.
ინფორმაციას ოსური მედია “რეს”-ი ავრცელებს.
“ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში. სრულიად შესაძლებელია, საქართველო შეეცადოს ამ ფრონტზე პროვოკაციების მოწყობას. ველოდები თქვენს ანგარიშს ხვალ, 11:00 საათზე, რომელიც თქვენგან დიდი ხანია არ მიმიღია. არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ მოვეშვათ, უნდა ვიმუშაოთ”, – უბრძანა ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს სხდომის დროს.
ამასთან, 2022 წლის აპრილში დაგეგმილ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიბილოვის კონკურენტებს ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა ურჩია, იყვნენ ფრთხილად და არ დაუშვან სამხრეთ ოსეთში დასავლური “ფერადი ტექნოლოგიების” გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.