ახალი ამბები

კობახიძის აზრით, დანაშაული რომ ეღიარებინა, ჯაფარიძეს მანდატს არ შეუწყვეტდნენ

16 თებერვალი, 2022 • 1481
კობახიძის აზრით, დანაშაული რომ ეღიარებინა, ჯაფარიძეს მანდატს არ შეუწყვეტდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, პარლამენტი, დიდი ალბათობით, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდა.

„თაღლითის გვერდით გინდა თუ არა ჯდომა, ამაზე მსჯელობს პარლამენტი. ეს არის წმინდა სამართლებრივ-პოლიტიკური ნაწილი“, — განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ აღიარეს დანაშაული… თქვეს, რომ ასეთი რაღაც მოხდა 10 წლის წინ, ვალები გვქონდა დასაფარი, პრობლემები გვქონდა, ვერ ვაკეთებდით ამას სხვანაირად, მოგვიწია 17 მილიონის თუ რამდენიც იყო, „ჭუტა” წერეთლის მეშვეობით გამოტანა, მერე ჩამოწერა. ვითაღლითეთ, რაღაც გავაკეთეთ… აღიარების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული, იმიტომ, რომ როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას. მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა — როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო (და ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება), ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდნენ, რომ მათ დაავალეს სასამართლოს ამ განაჩენის გამოტანა. ასევე, დაუპირსპირდნენ სისტემას, მათ შორის პარლამენტს, და ამ სისტემაში მათი დატოვება იქნებოდა ნონსენსი.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საბაბი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაჩნდა. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი